რადიო თავისუფლება: აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია
MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.
კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.
კანონპროექტში ჩახედული წყაროს ცნობით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება - მათ შორის სანქციებსა და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე - შესაძლოა მალე გამოცხადდეს MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში.
"ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს 'უცხოური აგენტების' კანონპროექტით".
წყარო რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ვაშინგტონში ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც "ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია."
რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, აშშ-ის სანქციები ცალკეულ ადამიანებსა და მათ მიერ კონტროლირებად კომპანიებს უკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებთან საქმის დაჭერას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებსა და მათ კომპანიებს უკრძალავს, აწარმოონ ფინანსური ოპერაციები ამერიკულ დოლარში - ყველაზე ფართო სარგებლობის ვალუტაში.
წყაროს თქმით, სანქციები მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია და საბანკო კრედიტები და დეპოზიტები დოლარშია გაცემული.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს წახალისებებს, მათ შორის სავაჭრო შეზღუდვების შემცირებას, გამარტივებულ სავიზო რეჟიმსა და ეკონომიკურ მხარდაჭერას.
20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში - „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) - გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს მიმდინარე კვირაში წარედგინება კანონპროექტი - MEGOBARI აქტი.
კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act)
კანონპროექტი სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა შეიტანა წარმომადგენელთა პალატაში.
მსგავსი შინაარსის აქტის შეტანას ელიან კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.
ჯო ვილსონის კანონპროექტი ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა კონგრესმენი ადასტურებს, რომ შინაარსი ისეთია, როგორზეც მედია წერს.
კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და ჯოხს“ - მოიცავს სამხედრო დახმარებას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც და სანქციებსა და ურთიერთობების ძირფესვიან გადახედვასაც.
შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი - MEGOBARI - „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.
„ქართული ოცნება“ აქტის მიღების პერსპექტივას „ძალზე ბუნდოვანს“ უწოდებს, წინმსწრებად ამბობს უარს „აგენტების კანონის“ გაწვევასა და უკან დახევაზე, შტატებს კი შანტაჟში ადანაშაულებს და ეუბნება: „საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს.“
„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
სამივე მოსმენით მიღებული "აგენტების კანონი", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
წყარო: რადიო თავისუფლება
https://www.radiotavisupleba.ge/a/32958927.html