შოტლანდიის ნაციონალურმა თეატრმა ჰელოუინზე სიტყვა „მოჩვენების“ გამოყენება შესაძლო რასისტული კონტექსტის გამო აკრძალა

შოტლანდიის ნაციონალურმა თეატრმა ჰელოუინზე სიტყვა „მოჩვენების“ გამოყენება შესაძლო რასისტული კონტექსტის გამო აკრძალა

შოტლანდიის ნაციონალურმა თეატრმა ჰელოუინზე სიტყვა „მოჩვენების“ გამოყენება აკრძალა. „ჩვენ ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ისეთი ფრაზების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად მჩაგვრელ მნიშვნელობებს შეიცავენ,“ – აღნიშნულია თეატრის განცხადებაში. შოტლანდიის ნაციონალურმა თეატრმა სიტყვა „მოჩვენება“ შესაძლო რასისტული მნიშვნელობის ქონის გამო დააცენზურა – წერს Telegraph.

არსებობს მოსაზრება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი პილოტები სიტყვას „მოჩვენება“ შავკანიანი პილოტების მისამართით იყენებდნენ. პროფესორმა სერ ჯოფ პალმერმა, რომელიც შოტლანდიის ყველაზე გამოჩენილი შავკანიანი აკადემიკოსია, განაცხადა, რომ „მოჩვენება“ შავკანიანების შეურაცხმყოფელ სიტყვად არასდროს ითვლებოდა.

The Sunday Mail-ის ცნობით, თეატრისთვის არავის მიუმართავს თხოვნით, რომ სიტყვა „მოჩვენება“ დაეცენზურებინა. თეატრმა ის შეურაცხმყოფელ სიტყვად თავად გამოაცხადა.

პროფესორ პალმერის განცხადებით, ორგანიზაციების მსგავსი ქმედებები უფრო მეტი ცუდის მომტანია, ვიდრე კარგის.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ორგანიზაციები თითქოს სიკეთეს უკეთებენ შავკანიანებს, მაგრამ ეს ასე არ არის. არასდროს მსმენია, რომ  სიტყვა „მოჩვენება“ შავკანიანების დასამცირებლად გამოიყენებოდა, მე კი შავკანიანი კაცი ვარ. მოჩვენება ჩემთვის ყოველთვის საშიში არსების გამომხატველი სიტყვა იყო. თუ ეს სიტყვა აქამდე რასისტული არ იყო, ამიერიდან გახდება. რასობრივ საკითხებთან დაკავშირებით ისედაც ბევრი პრობლემა არსებობს. რა საჭიროა, რომ ახალი პრობლემები გამოვიგონოთ?“ – განაცხადა პროფესორმა პალმერმა.

შოტლანდიის ნაციონალურ თეატრში სიტყვა „მოჩვენება“ ბოლოს ხუთი წლის წინ გამოიყენეს. თეატრის ინფორმაციით,  „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანიას“ მოძრაობის გააქტიურების შემდეგ, თეატრში არაერთი ტრენინგი ჩატარდა რასობრივ საკითხებზე.

„ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ სიტყვა „მოჩვენება“ რასისტული მიზნითაც გამოიყენება. თუნდაც ერთი ადამიანი რომ გრძნობდეს თავს დამცირებულად ამ სიტყვის მოსმენისას, ნუთუ ერთი ადამიანიც ძალიან ბევრი არ არის?!“ – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.