საექსპორტო ბაზრებზე ქართული წაბლის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

საექსპორტო ბაზრებზე ქართული წაბლის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

წაბლის სეზონი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. წაბლი დასავლეთ საქართველოს ტყეებში იკრიფება. EastFruit-ის მონაცემებით, სექტემბრის ბოლოდან 1 კგ წაბლზე ზომის, ფერისა და ხარისხის მიხედვით მაღალი ფასები, 3 ლარიდან (0,96 დოლარი) 5,5 ლარამდე (1,76 დოლარი) დაფიქსირდა.

საექსპორტო ბაზრებზე ქართული წაბლის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. თუ 2015 წელს ექსპორტირებული იყო მხოლოდ 26 ტონა ქერქიანი წაბლი, 2020 წელს ექსპორტმა 370 ტონა შეადგინა. ტრეიდერები მზარდ ტენდენციას საექსპორტო ბაზრების მოთხოვნას მიაწერენ. 2020 წლის მთავარი საექსპორტო ბაზრები რუსეთი (37%), სომხეთი (25%) და იტალია (20%) იყვნენ.

სენაკში დაფუძნებული კომპანია Nuts Food, ძირითადად, თხილის ექსპორტზე არის სპეციალიზირებულია, მაგრამ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში სეზონზე წაბლის ექსპორტსაც ეწევა. კომპანიაში EastFruit-ს განუცხადეს, რომ იტალიელმა პარტნიორებმა ასწავლეს, თუ როგორ გადაამუშავონ და შეინახონ წაბლი სწორად.

გასულ წელს Nuts Food-მა 220 ტონა წაბლი შეიძინა, საიდანაც 64 ტონა ექსპორტზე იტალიაში გაიტანა. კომპანიას, ასევე, პარტნიორები ჰყავს საბერძნეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში.

რუსული სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტს“ უკვე სურს, საქართველოში წაბლი შეიძინოს. თუმცა ქართველ ტრეიდერებს ექსპორტის განსახორციელებლად გადამყიდველების მაღალი ფასები უშლით ხელს და ამიტომ წაბლის შეძენა ჯერ არ დაუწყიათ. გადამყიდველები 1 კგ წაბლში 4.5 ლარს (1.44 დოლარს) მოითხოვენ, რაც ექსპორტიორებისთვის მიუღებელია, რადგან შესყიდვის შემდეგ პროდუქტის ღირებულებას შეფუთვისა და დახარისხების ხარჯი ემატება. გასულ წელს ექსპორტიორებს 1კგ წაბლი, საზღვრის ყველა ხარჯის ჩათვლით, დაახლოებით, 3.5 ლარი (1.12 დოლარი) დაუჯდათ. წლევანდელ მაღალ ფასებს ექსპორტიორები ორ ძირითად მიზეზს, დაბალ მოსავალსა და წაბლის ამკრეფთა მომრავლებას უკავშირებენ.

„წაბლის კრეფა და გაყიდვა ბოლო სამი წლის განმავლობაში უფრო პოპულარული გახდა. ყველა, ვინც ფერმერებისგან თხილს ყიდულობს, წაბლის შეძენაზეც გადავიდა. თხილის ეს სახეობა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შესაძლოა, შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცეს. ფერმერები წაბლის მოშენებით ორმაგად ისარგებლებენ, რადგან ეს ხეები თაფლის დასამზადებლადაც გამოიყენება, თაფლის წარმოება კი გურიის სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა,“ - განუცხადა EastFruit-ს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელმა, თეა კუპრაძემ.

სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 32 ტონა ქერქიანი წაბლი და 15 ტონა წაბლის გული გავიდა, რაც შარშან, სექტემბერში ექსპორტირებული ქერქიანი წაბლის მაჩვენებელს 62%-ით, წაბლის გულის მაჩვენებელს კი 50%-ით ჩამორჩება. მთავარი შემსყიდველი რუსეთი იყო.


წყარო: https://www.bpn.ge/article/86995-kartuli-cablis-eksporti-izrdeba-ra-girs-da-sad-gadis-kartuli-produkti