
საფრანგეთის მოსახლეობის 61%-ს დიდი ჩანაცვლების თეორიის სჯერა
ახალი გამოკითხვით დგინდება, რომ საფრანგეთის მოსახლეობის 60%-ზე მეტს დიდი ჩანაცვლების თეორიის სჯერა. აღნიშნული თეორია პოსტულატად მიიჩნევს, რომ მასობრივი იმიგრაციით თეთრკანიანი ევროპელების მეთოდური ჩანაცვლება ხდება. ყოველი ათი ფრანგიდან შვიდი შიშობს, რომ ჩანაცვლების პროცესი უკვე მიმდინარეობს.
Harris Interactive-ისა და Challenges-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვით დადგინდა, რომ ფრანგების 61%-ს დიდი ჩანაცვლების თეორიის სჯერა. 67 % კი თვლის, რომ დიდი ჩანაცვლება უკვე ხდება ან მომავალში მოხდება. თეორიის მიხედვით, ადგილობრივი თეთრკანიანი ევროპელები გლობალური სამხრეთიდან ჩასულმა მიგრანტებმა უნდა ჩაანაცვლონ. თეორია ფრანგ მწერალსა და ინტელექტუალს რენო კამიუს ეკუთვნის. დიდი ჩანაცვლების თეორია ფართო საზოგადოებას პოლიტიკურმა ჟურნალისტმა ერიკ ზემურმა გააცნო, რომელმაც, შესაძლოა, მომავალ წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
გამოჩენილი ფრანგი ინტელექტუალი, მწერალი და ფილოსოფოსი მიშელ ონფრე თეორიის ვალიდურობის მხარდაჭერისას დემოგრაფიულ მონაცემებს ეყრდნობა. დემოგრაფიული მონაცემები, როგორც საფრანგეთში, ასევე დანარჩენ დასავლურ სამყაროში, თეორიის თეზისს ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ კამიუს თეორიას, რომელიც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დისკუსიის მთავარ თემად იქცა, ისტაბლიშმენტის პოლიტიკოსები და პრესა დაცინვით კონსპირაციულ თეორიად მოიხსენიებენ, გამოკითხვა აჩვენებს, რომ საფრანგეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მას სიმართლედ აღიქვამს.
მარინ ლე პენის „ეროვნული ფრონტის“ პარტიის მხარდამჭერთა 92 % თვლის, რომ დიდი ჩანაცვლება სავარაუდოდ ან დანამდვილებით უკვე დაწყებულია. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს მემარჯვენე-ცენტრისტი „რესპუბლიკური“ პარტიის მხარდამჭერთა 72%, ასევე მემარცხენე „სოციალისტური პარტიის“ მომხრეების 44%, „მწვანეების” მხარდამჭერების 30%, ემანუელ მაკრონის ლიბერალურ-ცენტრისტული პარტიის „რესპუბლიკა მოძრაობაში“ მხარდამჭერთა 52%.
დიდი ჩანაცვლების თეორიისადმი ფრანგების დამოკიდებულება ერიკ ზემურის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდაშიც ვლინდება. მან Harris Interactive-ის ბოლო გამოკითხვაში 18%-იანი მხარდაჭერა მიიღო, რაც მარინ ლე პენის მიერ მიღებულ შედეგს 2%-ით აღემატება.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის