დიდი ბრიტანეთის მთავრობამ  ორსული მამაკაცების პრობლემების სადავო კვლევებზე 3 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ორსული მამაკაცების პრობლემების სადავო კვლევებზე 3 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 3 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა ტრანსგენდერების კვლევაზე, რომელიც ორსული მამაკაცების გამოცდილებისა და ლიბანში ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობაზე სქემების შედგენის პროექტებსაც მოიცავდა.  Daily Mail-მა ჯამში 13 მსგავსი სქემა გამოააშკარავა.

პროექტები დიდი ბრიტანეთის კვლევისა და ინოვაციის კომიტეტის მიერ ფინანსდებოდა, რომელსაც თავის მხრივ ბიზნესის, ენერგერგეტიკისა და ინდუსტრიული სტრატეგიის დეპარტამენტი აფინანსებს.

კრიტიკოსები საუბრობენ, რომ ფინანსები პროგრესულთა პროგრამებზე იხარჯება. პროექტების ნაწილი, რომლებიც გადასახადების გადამხდელთა ფულით დაფინანსდა, შემდეგია:

·         ლიდსის უნივერსიტეტის  ორსული მამაკაცების კვლევის ოთხწლიანი პროექტი: ტრანსგენდერი მამაკაცების რეპროდუქციული გამოცდილებისა და პრაქტიკის საერთაშორისო კვლევა, რომელზეც 668 224 ფუნტი დაიხარჯა.

·         ექსეტერის უნივერსიტეტის ლიბანის ტრანსგენდერი მოქალაქეების კვლევა: გენდერის სოციალურ-სამართლებრივი და სამედიცინო კონსტრუქციის ნავიგაცია ლიბანის სამართლებრივ წესრიგსა და ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც 80 000 ფუნტით დაფინანსდა.

·         ლონდონის სამეფო კოლეჯის პროექტი – გენდერული იდენტობის სამართლებრივი რეფორმა, რომელიც მოიცავდა სოციალურ-სამართლებრივ შეფასებებს,  ადამიანებისთვის  ლეგალური გენდერული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემას, ასევე ისეთი დაბადების მოწმობების გაცემის საკითხს, რომელიც ორზე მეტი სქესის არჩევანის შესაძლებლობას გვთავაზობს.  დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პროექტზე 579 000 ფუნტი დახარჯა.

·         ტრანსგენდერთა რომანტიკული ურთიერთობების კვლევა, რომელიც ნოტინგემის უნივერსიტეტში ჩატარდა. მასზე 80 000 ფუნტი დაიხარჯა.

„გადასახადების გადამხდელებს მოლოდინი აქვთ, რომ მათი ფული პიონერულ პროგრამებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე იხარჯება. მოქმედი სისტემა გულდასმით შეისწავლის პროექტებს განაცხადის შეტანის პროცესში, თუმცა დაფინანსებული პროექტების ღირებულების შესაფასებლად ეფექტიანი კრიტერიუმები არ აქვს,“ – განაცხადა გადასახადების გადამხდელთა ალიანსის მეთაურმა ჯონ ოკონელმა.

დიდი ბრიტანეთის კვლევისა და ინოვაციის კომიტეტი ამტკიცებს, რომ პროექტისთვის დაფინანსების მოპოვება კონკურენტულ გარემოში ხდება.

ტრანსგენდერების საკითხებისა და პრობლემების საკვლევი პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა მკაცრი განხილვის პროცესი, რომელშიც ბიზნესისა და სამეცნიერო საზოგადოების დამოუკიდებელი ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას,“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის კვლევისა და ინოვაციის კომიტეტის წარმომადგენელმა.