აშშ-მ და უკრაინამ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ქარტიას ხელი მოაწერეს

აშშ-მ და უკრაინამ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ქარტიას ხელი მოაწერეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ქარტიას ხელი მოაწერეს. ქარტია მომავალი ათწლეულის განმავლობაში საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებს განსაზღვრავს.

ხელმოწერის ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში 10 ნოემბერს გაიმართა.

„ქარტია სტრატეგიული დოკუმენტია. ის მომავალი ათწლეულის განმავლობაში უკრაინასა და აშშ-ს შორის ურთიერთობის მიმართულებებს განსაზღვრავს. შესაძლოა, ადმინისტრაციები შეიცვალოს, მაგრამ ქარტია მოქმედებას განაგრძობს,“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

განახლებული ქარტია 2008 წელს უკრაინისა და აშშ-ს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ჩაანაცვლებს. ქარტიის თანახმად აშშ კიდევ ერთხელ იღებს ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინის სუვერენიტეტს, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმის საზღვრებშიც.

განახლებული ქარტიის მიხედვით აშშ-სა და უკრაინას შორის ევროპისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების (მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების) გასაძლიერებლად,  ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება იგეგმება.

განახლებული ქარტია აძლიერებს უკრაინის ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი აშშ-ს მხარდაჭერას. დოკუმენტი პოზიტიურად აფასებს უკრაინაში ახალი რეფორმების დანერგვას. განახლებული ქარტიის თანახმად, აშშ მხარს უჭერს უკრაინაში ეკონომიკის ტრანსფორმაციის ამბიციურ გეგმებს, ინვესტიციების ხელშეწყობასა და ძირითადი სექტორების მოდერნიზაციას.