თურქეთმა ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრება აუკრძალა

თურქეთმა ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრება აუკრძალა

თურქეთის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის გადაწყვეტილებით სირიის, ერაყისა და იემენის მოქალაქეებს თურქეთის აეროპორტიდან ბელარუსის მიმართულებით განხორციელებული ფრენების ბილეთების შეძენა აეკრძალათ.

გადაწყვეტილება პოლონეთის საზღვართან არსებული მიგრაციული კრიზისის გამო ევროკავშირსა და ბელარუსს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე იქნა მიღებული.

სამოქალაქო ავიაციის დირექტორატმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიგრანტების მიერ ბელარუსის მხრიდან ევროკავშირის საზღვრების არალეგალური გადაკვეთის პასუხად იქნა მიღებული.

ბელარუსის ეროვნული ავიაკომპანია „ბელავია“ თურქეთის ბრძანებას დაემორჩილება. კომპანიის განცხადებით, ერაყის, თურქეთისა და იემენის მოქალაქეებს თურქეთიდან ბელარუსის მიმართულებით არ გადაიყვანს.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თურქეთის მთავრობასა და ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თურქეთისადმი მადლიერება გამოხატა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმაც.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ავიაკომპანიებთან და ტრანზიტულ ქვეყნებთან მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ ინიცირებული მოლაპარაკებები შედეგებს უკვე იძლევა.

„მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება და დღეს გამოჩნდა ნიშნები, რომ გარკვეულ წარმატებას უკვე მივაღწიეთ,“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა.

პოლონეთი აცხადებს, რომ ათასობით მიგრანტი ევროკავშირში შესვლას ბელარუსის გავლით ცდილობს. ბელარუსი პოლონეთის ბრალდებებს უარყოფს და მათ „უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებელს“ უწოდებს. ბელარუსის მტკიცებით, დაძაბულობის ესკალაციას პოლონეთი ახდენს.

ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტი მიგრანტების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ევროკომისიის განცხადებით, იმ ავიაკომპანიებს, რომლებსაც ბელარუსში მიგრანტები გადაჰყავთ, სანქციები დაუწესდებათ. ოთხშაბათს გერმანიამ ევროკავშირს ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

ბელარუსის მეზობელი ქვეყნები შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და სამხედრო დაპირისპირების რისკებზე საუბრობენ.