გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ვაქცინაციის ჩატარება მოქალაქეების ვალდებულებაა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ვაქცინაციის ჩატარება მოქალაქეების ვალდებულებაა

გერმანიის კანცლერმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ ვაქცინაციის ჩატარება მათი ვალდებულებაა.  ანგელა მერკელმა კოვიდ-19-ის პანდემია კლიმატის კრიზისს შეადარა.

გერმანიის კანცლერი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინსტრთან ჯასინდა არდერნთან ერთად აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ვირტუალურ შეხვედრაზე გამოჩნდა.

„თქვენ გაქვთ უფლება ვაქცინაცია ჩაიტაროთ, მაგრამ როგორც საზოგადოების წევრს, გაქვთ ვაქცინაციის ჩატარების ვალდებულებაც, რათა დაიცვათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა,“ – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ხუთშაბათს გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან  ინფიცირების ყველაზე მეტი 50 000-ზე მეტი დღიური შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების მატების გამო საქსონიაში არავაქცინირებულებისთვის ლოკდაუნი გამოცხადდა. არავაქცინირებულ მოქალაქეებს რესტორნებში, ბარებში, სპორტული დანიშნულების ობიექტებში შესვლა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალებათ.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანიაში არსებული ვაქცინაციის ტემპი ყველა მოქალაქის ვირუსისგან სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მან ბუსტერ დოზების ადმინისტრირების მიზნით სახელმწიფო ძალისხმევის გაზრდისკენ მოწოდებაც გააკეთა.

ანგელა მერკელის განცხადებით, უნდა განისაზღვროს შემთხვევების ზღვრული რაოდენობა, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნის გამოცხადება გახდება საჭირო.

ჯასინდა არდერნთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა კოვიდ-19-ის პანდემიისა და კლიმატის კრიზისის მსგავსებებზე ისაუბრა.

„როდესაც ექსპონენციალურ ზრდას ხედავ, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედო. კლიმატის ცვლილებასაც ექსპონენციალური ზრდა აქვს და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მაშინ, როდესაც არ ჩანს, თუ როგორ გაიზრდება რიცხვები,“ – განაცხადა ანგელა მერკელმა.