
ვლადიმერ პუტინი: ევროპა თავად არის დამნაშავე იმაში, რომ იქ ასიათასობით მიგრანტი მიდის
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილ მიგრანტთა კრიზისზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა მიგრანტთა ნაკადების შედინებისთვის პირობები თავად შექმნეს.
„ამაში ისინი თავად არიან დამნაშავეები. მე ვთქვი რატომაც: როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო მოსაზრებების გამო. მათ თავად შექმნეს პირობები იმისთვის, რომ ათასობით და ასიათასობით ადამიანი წავიდეს ევროპაში. ახლა კი დამნაშავეს ეძებენ, რათა მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა აირიდონ,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ევროკავშირის საზღვარზე არსებულ კრიზისთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების კონტექსტში კომპანია „აეროფლოტის“ ხსენებამ ვლადიმერ პუტინის გაკვირვება გამოიწვია.
„რა შუაშია აქ ჩვენი „აეროფლოტი?“ „აეროფლოტმა“ მიგრანტებიდან ვინმე მაინც გადაიყვანა ბელარუსში? წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვიღაცას შეეძლო ესარგებლა რომელიმე თვითმფრინავით და ბელარუსში მესამე ქვეყნის გავლით მოხვედრილიყო. ჩვენ ამასთან რა შუაში ვართ?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პასუხისმგებლობის მოხსნის სურვილი იმ მოვლენებზე, რომლებიც ხდება,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ბოლო კვირაში პოლონეთის საზღვრებს ბელარუსიდან ათასობით მიგრანტი მიადგა. ორიათასამდე ადამიანი პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან დაბანაკდა. პოლონელი მესაზღვრეები მათ ქვეყანაში არ უშვებენ. მიგრანტებმა ბარიერების გადალახვა რამდენჯერმე სცადეს.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი მიგრანტების ნაკადს დიდი ხნით ვერ შეაკავებს, რადგან დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო ქვეყანას ამისთვის „არც ფული აქვს და არც ძალა.“
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის