სერგეი ლავროვი: რუსეთი ევროკავშირისა და ნატოს პროვოკაციებზე თვალს არ დახუჭავს

სერგეი ლავროვი: რუსეთი ევროკავშირისა და ნატოს პროვოკაციებზე თვალს არ დახუჭავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში მილიტარისტული განწყობების წახალისებაზე თვალს არ დახუჭავს. აღნიშნული განცხადება სერგეი ლავროვმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ან ლინდესთან შეხვედრისას გააკეთა.

„ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმ უხეშ პროვოკაციებზე, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ნატოს წევრებისა და უფრო და უფრო ხშირად ევროკავშირისგან, მათ შორის უკრაინის სამხედრო წარმომადგენლებთან თამაშის მცდელობებს, უკრაინელებისთვის სამხედრო-სასწავლო მისიების ორგანიზებას, მცდელობას, რომ უკრაინის არმია იმ ქმედებებისთვის მოამზადონ, რომლითაც მუდმივად გვემუქრებიან, აცხადებენ რა, რომ დონბასს ძალით აიღებენ,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი დასავლეთთან დიალოგისთვის მზად არის.

კიევი და დასავლეთის ქვეყნები ბოლო დროს შეშფოთებას გამოხატავენ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის აგრესიული ქმედებების სავარაუდო გააქტიურების გამო. თავის მხრივ, მოსკოვში აცხადებენ, რომ ქვეყანა ჯარების გადაადგილებას თავის ტერიტორიაზე საკუთარი შეხედულებებისამებრ ახორციელებს და საფრთხეს არავის უქმნის.