უკრაინის დაზვერვის სამსახური – რუსეთი 2022 წლის ზამთარში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

უკრაინის დაზვერვის სამსახური – რუსეთი 2022 წლის ზამთარში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა  Military Times -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება. მისი თქმით, შესაძლოა, შეტევა 2022 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში განხორციელდეს. რუსეთს უკრაინის საზღვართან 92 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.

კირილ ბუდანოვის მტკიცებით, შეტევა არტილერიისა და  ჯავშანტექნიკის გამოყენებით განხორციელდება, რასაც ოდესასა და მარიუპოლში სადესანტო დარტყმები მოჰყვება. გარდა ამისა, მოსალოდნელია ქვეყანაში ბელარუსის გავლით მცირე ძალების შეჭრაც.

კირილ ბუდანოვი თვლის, რომ მოსალოდნელი თავდასხმა ყველაზე უფრო დამანგრეველი იქნება მათ შორის, რომელიც რუსეთმა 2014 წლიდან განახორციელა.

მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, შეჭრამდე უკრაინაში განხორციელდება ფსიქოლოგიური ოპერაციების სერია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დესტაბილიზაციას და ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას.

„მათ საპროტესტო აქციების გზით არეულობის პროვოცირება სურთ. ამ აქციებმა უნდა აჩვენოს, რომ ხალხი მთავრობის წინააღმდეგ გამოდის,“ – აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.

მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ისა და უკრაინის სადაზვერვო სამსახურების შეფასებები რუსეთის მიერ თავდასხმის განხორციელების სავარაუდო დროსთან დაკავშირებით ძალიან მსგავსია. აშშ-ის სადაზვერვო სამსახური ვარაუდობს, რომ დასავლეთის მხრიდან ჩაურევლობის შემთხვევაში, რუსეთი უკრაინაში რამოდენიმე კვირაში შეიჭრება.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის სიტყვებზე რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ მოსკოვში მსგავსი სახის ბრალდებებს უარყოფენ და მათ პროვოკაციულს უწოდებენ. კირილ ბუდანოვის განცხადებაზე კომენტარი არც პენტაგონს გაუკეთებია.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ამერიკა ყურადღებით აკვირდება რუსეთის შემაშფოთებელ ქცევას. უკრაინის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას  ლოიდ ოსტინმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ჩაიფიქრა ბატონმა პუტინმა,“ – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.