„სერბეთს არ დავთმობთ!“  – ბელგრადში დემონსტრანტები ექსპროპრიაციის შესახებ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ

„სერბეთს არ დავთმობთ!“ – ბელგრადში დემონსტრანტები ექსპროპრიაციის შესახებ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ

ბელგრადში ათასობით ადამიანმა მთავრობის მიერ ექსპროპრიაციის შესახებ ახალი კანონის მიღების გეგმა გააპროტესტა, რომელიც გარემოსდამცველთა მტკიცებით, უცხოურ სამთო კომპანიებს მოუტანს სარგებელს.

24 ნოემბერს პროტესტანტები სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ოფისთან მივიდნენ, შემდეგ კი ბელგრადში მარში მოაწყვეს. „სერბეთს არ დავთმობთ!“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

ექსპროპრიაციის შესახებ კანონპროექტი სერბეთის პარლამენტში უახლოეს დღეებში განიხილება. საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ ვუჩიჩის მოკავშირე პარტიები დომინირებენ.

ახალი კანონი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე კერძო საკუთრების ნაჩქარევი წესით ექსპროპრიაციას უჭერს მხარს. კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ის გარემოსთვის ზიანის მომტანი სამთო პროექტების ხელშესაწყობად იქნება გამოყენებული.

სერბეთის ზოგიერთ რეგიონში, სადაც სამთო და ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი, ადამიანებმა კერძო საკუთრების გაყიდვაზე უარი თქვეს და უფრო მაღალი კომპენსაციის მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში შეიტანეს.

ლონდონში დაფუძნებული უმსხვილესი ლითონისა და სამთო კომპანია „Rio Tinto“ სერბეთში ლითიუმის მაღაროს ამოქმედებას გეგმავს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მაღარო იქნება.

ახალი კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ექსპროპრიაციის შესახებ კანონი კომპანია „Rio Tinto“-ს მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ალექსანდრ ვუჩიჩი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სერბეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კომპანია „Rio Tinto“-ს  ლითიუმის მაღაროს პროექტთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება.