ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მონაწილეობით სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მონაწილეობით სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მას  აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის მონაწილეობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება. ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალება 1-2 დეკემბრისთვის იგეგმება.

უკრაინის პრეზიდენტმა სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გადატრიალებისთვის მზადებაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის გარემოცვა მონაწილეობს.

„ვფიქრობ, რომ ეს ოპერაციაა. უკრაინის წინააღმდეგ ომში მის ჩათრევას ცდილობენ. ეს  დიდი შეცდომა იქნება, რადგან არ შეიძლება საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და მათ მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ომი დაიწყო,“- აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ოლიგარქი თავის ოფისში სასაუბროდ მიიწვია. ვლადიმერ ზელენსკის თქმით, მას არ სჯერა გადატრიალების მომზადებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობა და არც ის, რომ გადატრიალება განხორციელდება.

„ქვეყნიდან გაქცევას არ ვაპირებ,“ – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი რუსეთთან კონფლიქტის  გამწვავებისთვის მზად არის.

„მჯერა, რომ ამის ალბათობა ყოველდღიურად არსებობს. საზღვრებს სრულად ვაკონტროლებთ და ნებისმიერი ესკალაციისთვის მზად ვართ,“ – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

ოქტომბრის მიწურულიდან მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ.  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის საზღვართან 92 000-ზე მეტი რუსი სამხედროა განლაგებული. კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთი 2022 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება. მოსკოვი უკრაინაში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს.