აშშ, უნგრეთი და პოლონეთი „რეგრესირებადი დემოკრატიების“ ნუსხაში მოხვდნენ

აშშ, უნგრეთი და პოლონეთი „რეგრესირებადი დემოკრატიების“ ნუსხაში მოხვდნენ

დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ბევრი დემოკრატიული მთავრობა რეგრესს განიცდის, მაშინ როდესაც ავტოკრატიული რეჟიმები უფრო მკვეთრ რეპრესიებს მიმართავენ.

IDEA-ს ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში „რეგრესირებადი დემოკრატიების“ რიცხვი გაორმაგდა. ანგარიშში განხილულია აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კონკრეტულად კი უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვენიაში არსებული ვითარება.

პანდემიამ მაღალი სტანდარტის დასავლეთ ევროპის დემოკრატიებსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის შედარებით სუსტ დემოკრატიულ რეჟიმებს შორის არსებული ნაპრალი გააღრმავა. ეს დაყოფა ევროპის ერთიანობისთვის გამოწვევად დარჩება, იმდენად რამდენადაც შეჯახება გვიწევს არადემოკრატიული ზესახელმწიფოებისგან მომდინარე გარე ზეწოლასთან,“ – განაცხადა ევროპისთვის IDEA-ს მეთაურმა სემ ვან დერ სტაკმა.

აშშ „რეგრესირებადი დემოკრატიების“ ნუსხაში პირველად მოხვდა. ქვეყანაში, სადაც კორპორაციებსა და მდიდარ ადამიანებს პოლიტიკური კანდიდატებისთვის უზარმაზარი თანხების მიცემა შეუძლიათ,  საარჩევნო ოლქების მიკერძოებული ჯერიმანდერინგი (კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ოლქების საზღვრების ფორმირება) კი უფრო და უფრო ჩვეულებრივი მოვლენა ხდება,  პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დეკემბრის დასაწყისში საერთაშორისო დემოკრატიის დაცვის ვირტუალური სამიტის მასპინძლობას გეგმავს.

International IDEA-ს მონაცემებით 2020 წელს ავტორიტარიზმისკენ გადახრილი ქვეყნების რაოდენობამ დემოკრატიისკენ მიმართული ქვეყნების რიცხვს გადააჭარბა. ანგარიშის თანახმად, ავღანეთი, ჰონგ-კონგი და მიანმარი (ბირმა)  აზიაში ავტორიტარიზმის მზარდი ტალღის ძლიერ მაგალითებს წარმოადგენენ.

„ჩინეთის გავლენა ქვეყნის ავტოკრატიზაციის გაღრმავებასთან ერთად დემოკრატიული მოდელის ლეგიტიმურობას რისკის ქვეშ აყენებს,“ – აღნიშნულია IDEA-ს ანგარიშში.

ანგარიშის ავტორთა ჯგუფის მოსაზრებით, ჩადიში, გვინეაში, სუდანსა და მალიში სამხედრო გადატრიალებებმა და ესვატინიში მოქალაქეთა თავისუფლების მხრივ მდგომარეობის გაუარესებამ აფრიკაში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს ძირი გამოუთხარა.