რატომ გვაჯობა აზერბაიჯანმა ?
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის მოსახლეობა გაიზარდა 3 მილიონით და დღეს 10 მილიონზე მეტია. ქართველი ერი კი გაერომ დიდი ხანია უკვე შეიყვანა მომაკვდავ ერთა სიაში.
აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა, საქართველომ კი დაკარგა ტერიტორიის 22%, დაიშალა სამ ნაწილად და მის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო მიიღო.
აზერბაიჯანმა შექმნა ძლიერი დიასპორა და ლობი რუსეთში, საქართველომ კი იდიოტური რუსოფობიით სრულად დაკარგა რუსეთში ის გავლენები, რაც მას ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დროს ქართველი ერი იყო ყველაზე მდიდარი, თავისუფალი და პრივილეგირებული ერი 15 რესპუბლიკას შორის!
ჭკვიანური და პრაგმატული პოლიტიკით აზერბაიჯანი გახდა კავკასიის მთავარი და დომინანტი სახელმწიფო, ეს როლი საქართველომ დაკარგა იდიოტური პოლიტიკით.
აზერბაიჯანს საქართველოს მსგავსად არ დაუწყია რუსეთისთვის დედის გინება, ნატო, ევროკავშირი და სხვა ბოდვები. დაალაგეს პოლიტიკა აშშ-სთან, ევროპასთან, თურქეთთან და რუსეთთან. სხვათაშორის აზერბაიჯანის დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას განათლება მიღებული აქვს საბჭოთა პერიოდის დროს თბილისში, ბევრი სწავლობდა მაგ: გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. ეს ის დროა თურმე ბნელები და ჩამორჩენილები რომ ვიყავით, განათლებისგან და მეცნიერებისგან გათავისუფლება ყოფილა სინათლე და პროგრესი.
აზერბაიჯანი არის ამბიციური, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ალიევს ყველა ქვეყანა პატივისცემით ელაპარაკება და არა ისე როგორც საქართველოს. როდესაც აშშ-ს ელჩმა და სააკაშვილის მეგობარმა მეთიუ ბრაიზამ აზერბაიჯანის საქმეებში ხელების ფათური მოინდომა, ალიევმა პანჩური ამოარტყა და პერსონა ნონ გრატას სახელით ქვეყნიდან გააგდო.
როდესაც ხედავენ რომ შენ პიროვნება ხარ, საკუთარი სახელმწიფოს და არა საკუთარი ჯიბის ინტერესების დამცველი ხარ, ამერიკელი, ევროპელი და რუსი დაგელაპარაკება პატივისცემით, როდესაც ხედავენ რომ უთავმოყვარო, კორუმპირებული და ლაქია ხარ, დაგელაპარაკებიან როგორც მარიონეტს, წამოგარტყამენ თავში და მოგცემენ დირექტივებს! არარაობებს და მარიონეტებს პოლიტიკაში ჯერ იყენებენ და მერე ნაგავში აგდებენ! ასე იყო ყოველთვის!
ახლა ბევრი იტყვის აზერბაიჯანს რა ენაღვლება, მაგათ ნავთობი აქვთ და თურქეთი უდგას უკანო. ბევრს აზერბაიჯანი თურქეთის ვასალი ჰგონია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აზერბაიჯანი არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც წითელი ხაზები დაწესებული აქვს ყველა ქვეყანასთან მათ შორის თურქეთთან. გარდა ამისა ამდენს თუ ხვდები რომ პატარა ქვეყანას განვითარებისთვის სჭირდება დიდ და ძლიერ სახელმწიფოსთან მოკავშირეობა, ვერ დაიყენე გვერდით 150 მილიონიანი, მსოფლიოს ყველაზე დიდი და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ატომური ზესახელმწიფო რუსეთი? რა მოგიტანა ვაშინგტონსა და ბრიუსელში სირბილმა და რუსეთის დედის გინებამ?
ნავთობზე კი არ არის აქ საუბარი, ძლიერ პოლიტიკურ ელიტაზეა, იმ განათლებულ, ინტელექტუალურ და ამბიციურ ადამიანებზე, რომელთაც სურთ ძლიერი სახელმწიფო! აზერბაიჯანის სიძლიერეს პირველ რიგში სწორედ ეს განაპირობებს, თორემ გაატარებს ისეთ იდიოტურ პოლიტიკას როგორსაც დღეს სომხეთი და საქართველო ატარებს და ვერავითარი ნავთობი და თურქეთი ვერ უშველის.
ახლა ბევრი გამოვა და იტყვის აზერბაიჯანში ავტორიტარული მმართველობაა, დიქტატურაა, კლანების ხელშია ქვეყანაო, იმავეს ამბობენ ბელარუსზე ჩვენი შინევროპელები. რა შეფასებებიც არ უნდა გაკეთდეს, ფაქტები ჯიუტია, პოლიტიკოსის მოღვაწეობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი შედეგია! ალიევი და ლუკაშენკო ყოფილა დიქტატორები, დასავლეთის აგენტურა და არასამთავრობოები რომ არ დაისვეს თავზე, ამერიკელებს და ევროპელებს რომ არ აძარცვინეს ქვეყანა და ჩვენ აგვაყვავეს თურმე დემოკრატმა მმართველებმა.