ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიები მოსთხოვა

ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიები მოსთხოვა

კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიები მოსთხოვა, რომელიც ნატოს გაფართოებას გამორიცხავს.

ჯო ბაიდენთან ორსაათიანი საუბრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან ახლოს თავის სამხედრო პოტენციალს ზრდის და უკრაინის ტერიტორიის დაპყრობის სახიფათო მცდელობები აქვს.

„რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული სანდო, სამართლებრივად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიების მიღებით, რომელიც ნატოს აღმოსავლეთში გაფართოებასა და რუსეთის მეზობელ ქვეყნებში საიერიშო დამრტყმელი იარაღის სისტემების განთავსებას გამორიცხავს,“- აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ნატო-უკრაინის კავშირების გაძლიერება და ალიანსის მიერ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ გამიზნული რაკეტების განთავსება ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთასაც არ დაუშვებენ.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენისგან მოითხოვა გარანტიები, რომ საიერიშო დარტყმის სისტემები რუსეთის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე არ განთავსდება.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც დასავლეთმა  უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო შეშფოთება გამოხატა. დასავლეთი რუსეთს უკრაინის მიმართ შეიარაღებული აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური სანქციებითა და სხვა დამატებით ზომების მიღებით დაემუქრა.

კრემლმა უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის ვერსია უარყო და განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვართან განლაგება თავდაცვითი მიზნებიდან გამომდინარეობს.