შეუძლებელია უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით შეშფოთებულები არ ვიყოთ

შეუძლებელია უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით შეშფოთებულები არ ვიყოთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უფლებას იტოვებს „დაიცვას თავისი უსაფრთხოება.“

ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციებით უპასუხებს.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა რუსეთ-უკრაინის საზღვართან დაძაბულობის შემცირების საკითხი განიხილეს. უკრაინის საზღვართან 100 000-მდე რუსი სამხედროა განლაგებული, რის გამოც დასავლეთი მოსალოდნელი ომის საფრთხეებზე ალაპარაკდა.

„რუსეთს მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა აქვს, თუმცა მას თავისი უსაფრთხოების დაცვის უფლება აქვს,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, იმის მშვიდად ყურება, თუ როგორ უახლოვდება ნატო რუსეთს, „კრიმინალური უმოქმედობის“ტოლფასია.

„შეუძლებელია უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით შეშფოთებულები არ ვიყოთ, რადგან ამას უდავოდ მოჰყვება იქ შესაბამისი სამხედრო კონტიგენტების, ბაზებისა და იარაღის განლაგება, რომელიც ჩვენთვის მუქარის შემცველია,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვალდიმერ პუტინის თქმით, ნატოს აღმოსავლეთში გაფართოება რუსეთისთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია.

„რუსეთის უსაფთხოების შენარჩუნებისთვის ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს სამართლებრივი გარანტიები მოსთხოვა, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას გამორიცხავს.

ვლადიმერ პუტინი მიესალმა ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს და მას „კონსტრუქციული“ უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, საფრანგეთმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას „სტრატეგიული და მასიური შედეგები“ მოჰყვება.

იმავე დღეს რუსეთმა ქვეყნის საზღვართან შავ ზღვაზე  მფრინავი სამი ფრანგული  სამხედრო თვითმფრინავის დასაჭერად და ესკორტირებისთვის თვითმფრინავები გაგზავნა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა პილოტებმა ფრანგულ Mirage-2000-ს და Rafale-ის თვითმფრინავებს რუსეთის საზღვრის უკანონოდ კვეთის შესაძლებლობა არ მისცეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის საუბარი პოზიტიურად შეაფასა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადყოფნა გამოხატა.