
ჯო ბაიდენმა რუსეთისთვის შეთავაზებული წინადადებით აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეები განარისხა
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კრიტიკულად შეხვდნენ აშშ-ის წინადადებას ნატოს წევრ რამოდენიმე სახელმწიფოსა და რუსეთს შორის შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით, რომელზეც უკრაინის საზღვრებთან არსებული ვითარება უნდა განიხილონ.
Bloomberg-თან ინტერვიუში ანონიმურმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობა ითხოვს, დაუყოვნებლივ გაირკვეს, თუ რა გეგმები აქვს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
კიდევ ერთმა დიპლომატიურმა წყარომ Bloomberg-ს აცნობა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინაშე ფრონტის ხაზზე აღმოჩნდნენ, შეშფოთებულები არიან იმის გამო, თუ რა დათმობები მოჰყვება პოლიტიკური გარანტიების მიღების თვალსაზრისით რუსეთსა და ნატოს შორის მოლაპარაკებებს.
„რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს სიტყვის უფლება, თუ ვინ უნდა იყოს ან არ იყოს ნატოს წევრი. მოსკოვის ყველაზე დიდ სურვილს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა წარმოადგენს. ჩვენ გვახსოვს ასეთი მომენტები ჩვენი ისტორიიდან და ამ საკითხში გულუბრყვილოები არ ვართ,“ – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.
ბაიდენი იმედოვნებს, რომ პარასკევს ნატოს სულ მცირე ოთხ მოკავშირესთან შეხვედრას დაანონსებს. ბალტიის ქვეყნებს ეს განსაკუთრებულად აღიზიანებთ, რადგან ჩნდება კითხვა, თუ ვინ იქნება გამორიცხული შეხვედრიდან.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოს ნებისმიერი სახით გაფართოებას საფრთხედ განიხილავს და სამართლებრივი გარანტიების მიღებას ითხოვს, რომელიც ალიანსის მხრიდან „წითელი ხაზების“ გადაკვეთას გამორიცხავს. ნატომ კი თავის მხრივ პრესტიჟულობა დაკარგა.
თეთრი სახლის წარმომადგენლები რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციამდე და მას შემდეგაც იმეორებენ, რომ რუსეთს არ ექნება სიტყვის უფლება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდება ალიანსის წევრი.
Bloomberg-თან საუბარში დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის მიერ წამოყენებული წინადადებით აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა შეშფოთებულია, თუმცა ყველაზე მეტად ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი ღელავენ.
ანონიმური დიპლომატიური წყაროები თვლიან, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინადადება აშშ-სა და ევროპას ან ევროკავშირის წევრებს შორის უთანხმოებას გამოიწვევს, რაც რუსეთს დაყოფისა და ბატონობის შესაძლებლობას მისცემს.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მარკო მიჰკელსონის განცხადებით, აშშ-ის წინადადება გულდასაწყვეტი იყო. მან მსგავსი ტიპის შეხვედრის გამართვის თავიდან აცილების მიზნით დიპლომატიური ზეწოლის განხორციელება მოითხოვა. მარკო მიჰკელსონის თქმით, შეხვედრას ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც უნდა ესწრებოდნენ.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის