ამერიკელების 46 პროცენტი ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობამ აშშ დააზარალა

ამერიკელების 46 პროცენტი ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობამ აშშ დააზარალა

Monmouth-ის უახლესი გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამერიკელების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობამ აშშ-ს ზიანი მიაყენა. მოქალაქეების მხოლოდ 25% თვლის, რომ ჯო ბაიდენმა თავისი საქმიანობით ქვეყანას სარგებელი მოუტანა.

აშშ-ში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საქმიანობით უკმაყოფილო მოქალაქეების რიცხვი მატულობს. ინფლაციის, ავღანეთიდან წარუმატებელი გამოსვლის, მომარაგების ქსელისა და საზღვართან არსებული კრიზისის გამო პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა.

ივლისში აშშ-ის მოქალაქეების 31% აცხადებდა, რომ ჯო ბაიდენის საქმიანობა ქვეყნისთვის სასიკეთო იყო, მხოლოდ 34% ფიქრობდა, რომ პრეზიდენტი ქვეყნისთვის საზიანოდ მოქმედებდა.

ამერიკელი ხალხის შეშფოთების მთავარ საგანს საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფარვა და 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული ინფლაციის ყველაზე მაღალი დონე წარმოადგენს.

ყოველი ათი ამერიკელიდან სამი აცხადებს, რომ საყოფაცხოვრებო დანახარჯებისა და ინფლაციის საკითხი ყველაზე მეტად აშფოთებთ. მოქალაქეთა 15%-ს განსაკუთრებით ყოველდღიური ხარჯების პრობლემა აწუხებს,  14%-ს კი ინფლაცია. 2020 წლის აგვისტოში საყოფაცხოვრებო დანახარჯების საკითხი ამერიკელთა მხოლოდ 8%-ის შეშფოთებას იწვევდა.

კვლევით ასევე დადგინდა, რომ 6 პრობლემური საკითხიდან, რომელიც ამერიკელებს ყველაზე მეტად აშფოთებთ, 5 ეკონომიკური ხასიათისაა. ყოველდღიური ხარჯები, ინფლაცია, დასაქმება, ეკონომიკა და ჯანდაცვის ხარჯები, კორონავირუსის პანდემიიის შემდეგ აშშ-ის მოქალაქეებისთვის ხუთი ყველაზე შემაშფოთებელი საკითხია.

ეკონომიკური პრობლემები გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამერიკელების 66 % ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. აშშ-ის მოქალაქეების მხოლოდ 30% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორ გზას ადგას.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის საქმიანობით კმაყოფილი მოქალაქეების მხოლოდ 40%-ია.

გამოკითხვა 2021 წლის 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა.