უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პეტრო პოროშენკოს დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პეტრო პოროშენკოს დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა „ევროპული სოლიდარობის პარტიის“ თავმჯდომარის პეტრო პოროშენკოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო  „Укринформ”-ი ავრცელებს.

„პროკურატურამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას პეტრო პოროშენკოს დაკავების შესახებ, ერთი მილიარდი გრივნას (32,4 მილიონი ევრო) გირაოს გადახდის შესაძლებლობით,“ – განაცხადეს უკრაინის პროკურატურაში.

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით, ქვეყნის ყოფილი მეთაურის დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ნებართვა გასცა. „Укринформ”-ის წყაროს ინფორმაციით, სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა.

პეტრო პოროშენკოს ადვოკატი იგორ გოლოვანი პროცესს აბსურდულს უწოდებს.

„იურიდიული თვალთახედვით ეს აბსოლუტური აბსურდია. ეს არღვევს კონსტიტუციას, კანონს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებს, რომლებიც დეპუტატის მიმართ მსგავსი ქმედებების განხორციელების წესს არეგულირებს. მოსამართლე ვალდებულია, რომ დეპუტატს შუამდგომლობის განხილვის შესახებ ინფორმაცია ვადამდე მიაწოდოს,“ – განაცხადა იგორ გოლოვანმა.

პეტრო პოროშენკო მანამდე აცხადებდა, რომ მივლინებიდან უკრაინაში 2022 წლის იანვრის პირველ ნახევარში დაბრუნდებოდა.

გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ინფორმაციით, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში ედება. პეტრო პოროშენკო დონეცკისა და ლუგანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის გატანის საქმეში ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი.

პეტრო პოროშენკომ უკრაინა 17 დეკემბერს დატოვა. ყოფილი პრეზიდენტის პარტიაში აცხადებენ, რომ ის თურქეთსა და პოლონეთში წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით გაემგზავრა.