
ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა „წლის ადამიანის“ გამოსავლენი ონლაინ გამოკითხვა გააუქმა, რადგან მასში ტრანსფობიაში ბრალდებული მწერალი ჯოან როულინგი ლიდერობდა
ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა გააუქმა ონლაინ გამოკითხვა, რომელსაც „წლის ადამიანი“ უნდა გამოევლინა. გამოკითხვის გაუქმების გადაწყვეტილება გაზეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ გამოკითხვაში ტრანსფობიაში ბრალდებული მწერალი ჯოან როულინგი ლიდერობდა.
15 დეკემბერს The Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც Time Magazine-ის მიერ წლის ადამიანად ილონ მასკის დასახელებას ეძღვნებოდა. სტატიის ქვემოთ დასმული იყო კითხვა: „ვინ არის თქვენთვის წლის ადამიანი და რატომ?“
გამოკითხვას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და პასუხებში მწერალი ჯოან როულინგი ლიდერობდა. მალე გამოკითხვა გაუქმდა. „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორობით სახელგანთქმულმა მწერალმა საზოგადოებას თავი ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლითაც დაამახსოვრა, რის გამოც მას „ტრანსფობად“ მოიხსენიებენ.
ჯოან როულინგი ბიოლოგიური ქალების უფლებებს უჭერს მხარს. ის ეწინააღმდეგება პოლიტიკას, რომელიც ბიოლოგიურ მამაკაცებს, რომლებიც თავს მდედრობით სქესს მიაკუთვნებენ, ტრადიციულად ქალებისთვის განკუთვნილ სივრცეებში ყოფნის უფლებას აძლევს.
ჯოან როულინგის ქალთა უფლებებისადმი ურყევმა რწმენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მოწინააღმდეგეებმა მის მიმართ ე.წ. „Cancel Culture”-ისთვის დამახასიათებელი მეთოდებით ბრძოლა დაიწყეს. დეკემბერში ქვიდიჩის წამყვანმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ისინი ავტორისგან დისტანცირებას გეგმავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯოან როულინგის გარეშე მათი სპორტი არც იარსებებდა.
The Guardian-ს ჯერ არ განუმარტავს, რატომ გაუქმდა გამოკითხვა, რომლესაც წლის ადამიანი უნდა გამოევლინა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის