დმიტრო კულება: დასავლეთი რუსეთს ნატოს აღმოსავლეთში გაფართოებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სამართლებრივ გარანტიებს არ მისცემს

დმიტრო კულება: დასავლეთი რუსეთს ნატოს აღმოსავლეთში გაფართოებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სამართლებრივ გარანტიებს არ მისცემს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გუშინ რუსეთს გააგებინეს, რომ მას უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. დმიტრო კულებას განცხადებით, ალიანსის მიერ აღმოსავლეთში გაფართოებაზე უარის თქმა სტრატეგიული მარცხი იქნებოდა.

„რუსეთს უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ აქვს. ეს წითელი ხაზია, რომელსაც არც უკრაინა და არც ჩვენი პარტნიორები არ გადაკვეთენ. კოლექტიური დასავლეთი რუსეთისთვის ნატოს აღმოსავლეთში გაფართოებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სამართლებრივი გარანტიების მიცემას არ დათანხმდება, რადგან ეს მისი სტრატეგიული მარცხი იქნება,“- განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჟენევაში რუსეთს აცნობეს, რომ მხარეებს შორის უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმება უკრაინის გარეშე არ შედგება.

„უკრაინას პრინციპული პოზიცია უჭირავს: ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების გარანტიების განხილვა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციით და რუსეთის ყირიმიდან და დონბასიდან გასვლით უნდა დაიწყოს. პარტნიორებს შორის იზრდება გაგება, რომ სანამ უკრაინა საფრთხეშია, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება შეუძლებელია,“ – განაცხადა დმიტრო კულებამ.