ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ შტატის „დემოკრატი“ გუბერნატორის მიერ გაცემული ნიღბის სავალდებულო ტარების ბრძანება არაკონსტიტუციურად სცნო და გააუქმა

ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ შტატის „დემოკრატი“ გუბერნატორის მიერ გაცემული ნიღბის სავალდებულო ტარების ბრძანება არაკონსტიტუციურად სცნო და გააუქმა

ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ „დემოკრატი“ გუბერნატორის ქეთი ჰოქულის მიერ დაწესებული ნიღბის ტარების მანდატი გააუქმა. სასამართლო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ბრძანება შტატის საკანონმდებლო ორგანოში განხილვას და მისგან თანხმობის მიღებას საჭიროებდა.

მოსამართლის განჩინებაში ნათქვამია, რომ ნიღბის ტარების მანდატი არაკონსტიტუციური იყო, რადგან არც გუბერნატორ ჰოქულს და არც ჯანდაცვის სისტემის მაღალჩინოსნებს მსგავსი ბრძანების გაცემის უფლებამოსილება არ ჰქონდათ.

„ეჭვგარეშეა, რომ შტატში მცხოვრები ყველა ადამიანის სურვილია, რომ პანდემიის ხანა მალე დასრულდეს, ამაზე ოცნებობენ და ამისთვის ლოცულობენ. ისინი აუცილებლად შეიტანენ თავიანთ წვლილს ამ მიზნის მიღწევაში, თუმცა ამ მიზნით ნებისმიერი სახის კანონის მიღება მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ევალება. “ – აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში.

გუბერნატორმა ჰოქულმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იურიდიული გზით ეცდება.

„ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმებით და  მის გასაუქმებლად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ,“- განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა.

ქეთი ჰოქულმა ნიღბების სავალდებულო ტარების ბრძანება 2021 წლის დეკემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მასშტაბური ზრდის ფონზე გასცა.