ნატოს შტაბბინაში განაცხადეს რუსეთის ფედერაციის მიერ 30 000 სამხედრო მოსამსახურის გადასროლის შესახებ ბელორუსში

ნატოს შტაბბინაში განაცხადეს რუსეთის ფედერაციის მიერ 30 000 სამხედრო მოსამსახურის გადასროლის შესახებ ბელორუსში

დღეს, 3 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო ძალების ასეთი მსხვილმასშტაბიანი მობილიზება ბელორუსში ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა. მისივე ცნობით, მოსკოვმა მეზობელ ქვეყანაში განათავსა თანამედროვე შეიარაღება და დაახლოებით 30 000 სამხედრო მოსამსახურე.

ბრიუსელში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას სტოლტენბერგმა დააზუსტა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა მეზობელ ქვეყანაში განალაგა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, ტექნიკიდან კი – გამანადგურებლები, ორმაგი დანიშნულების სარაკეტო სისტემები (რაც განკუთვნილია როგორც ჩვეულებრივი არაბირთვული, ასევე, ბირთვული ომის წარმოებისთვის).

„ეს ყველაფერი კი ხდება რუსეთის ფედერაციის მიერ ყოველწლიურად წარმოებული ბირთვული ძალების სამხედრო სწავლებების პარალელურად“, დაამატა ალიანსის მეთაურმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სწავლებებში რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს.

„ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ჯარების მობილიზება ბელორუსის ტერიტორიაზე დროებითია და სწავლების დასრულების შემდეგ ისინი დატოვებენ ქვეყანას“, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექს რეზნიკოვმა. თუმცა, დაამატა, რომ ისინი მაინც ფხიზლად არიან და აკონტროლებენ სიტუაციას.

მინსკში ჩავიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც შეხვდა ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს. რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო მანევრები დაგეგმილია 10-12 თებერვალს.

დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მოსკოვის სამხედრო ქმედებებს, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე, რადგან არსებობს დიდი ალბათობა და შიში, რომ რუსეთის მხრიდან მოხდეს უკრაინაში შეჭრა.

დასავლეთის სპეცდანიშნულების სამსახურების ინფორმაციით, უკრაინის სასაზღვრო რეგიონებში შესაძლოა განთავსებული იყოს რუსეთის ფედერაციის 120 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.

იანვარში მოსკოვთან სხვადასხვა პლატფორმებზე გამართულ მთელ რიგ მოლაპარაკებებს  შედეგი არ მოჰყოლია.

Tags: პოლიტიკა მსოფლიო რუსეთი NATO