გერმანია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში შექმნილი შემაშფოთებელი ვითარებიდან გამომდინარე სავალდებულო სამსახური აღდგენას გეგმავს
პოლიტიკა
გერმანია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში შექმნილი შემაშფოთებელი ვითარებიდან გამომდინარე სავალდებულო სამსახური აღდგენას გეგმავს

გერმანია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში შექმნილი შემაშფოთებელი ვითარებიდან გამომდინარე, რაც იარაღის, საბრძოლო მასალების ნაკლებობასა და ასევე, ახალგაზრდა კადრების მკვეთრ შემცირებას უკავშირდება, სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღსადგენად კანონპროექტის მომზადებას გეგმავს

გერმანიის სამხედრო ძალები და ხელისუფლება შეიარაღებული ძალების ისეთ სავალალო სურათს ხატავს, რომ ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გააკეთეს.

Remix News-ის მიერ მომზადებულ ვიდეოში გერმანიის შეიარაღებული ძალების საპარლამენტო კომისარი ევა ჰოგლი ქვეყნის სამხედრო ძალებში შექმნილი ვითარების შემაშფოთებელ დეტალებზე დაწვრილებით საუბრობს.

„სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ბუნდესვერი საშინელ დეფიციტს განიცდის. სამხედრო ძალებში საბრძოლო მასალების, სათადარიგო ნაწილების, რადიოტექნიკის, ტანკების, გემებისა და თვითმფრინავების მწვავე ნაკლებობაა. თუმცა, ბატონებო და ქალბატონებო, აღნიშნულის გამოსასწორებლად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია“, – განაცხადა ევა ჰოგლმა.

ჯარების შემადგენლობასთან დაკავშირებით მან საკმაოდ მძიმე შეფასება გააკეთა: „სამხედრო პერსონალს რაც შეეხება, სამწუხაროდ, კარგი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ბუნდესვერში ახალგაზრდა კადრების აშკარა სიმცირე შეინიშნება“.

ჰოგლის მიერ მოწოდებულმა საგანგაშო ინფორმაციამ გერმანიის დღის წესრიგში სამხედრო სფეროში რადიკალური ცვლილების განხორციელების საჭიროება დააყენა. ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად იქცა.

„დიახ, მოხარული ვარ, რომ მსჯელობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სულ უფრო აქტუალური ხდება. ფედერალური პრეზიდენტი აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან დაჟინებით ითხოვს თანხმობას. ფედერალურ მინისტრს კი სკანდინავიის მაგალითი მოჰყავს და ამასთანავე, ემხრობა, მაგალითად, შვედეთის მოდელზე დაფუძნებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღების საკითხს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი აზრია,“ – თქვა მან.

გერმანიის სამხედრო ძალებში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ უკვე კარგა ხანია ფართოდ არის ცნობილი და 2023 წელს ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეცვლილა: ბუნდესვერი პერსონალისა და სამხედრო აღჭურვილობის მწვავე დეფიციტს განიცდის, სამხედრო ინფრასტრუქტურა კი სავალალო მდგომარეობაშია. აღნიშნულის შესახებ გერმანიის შეიარაღებული ძალების საპარლამენტო კომისიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.

171-გვერდიან მოხსენებაში გერმანიის სამხედრო ძალებში უკვე წლების განმავლობაში არსებული სამი დიდი პრობლემის შესახებ – პერსონალი, აღჭურვილობა და ინფრასრუქტურა – დეტალურად არის საუბარი.

ჰოგლის მიერ წარმოდგენილი მოხსენების თანახმად, სამხედრო ძალები თავიანთი შესაძლებლობების ზღვარზე არიან. ვაკანსიების მაჩვენებელი მხოლოდ 18%-ით გაიზარდა. სამხედრო ძალების მიზანს დღესდღეობით სამხედრო სამსახურში მყოფი 181000 ჯარისკაცის 2031 წლისთვის 203000 ჯარისკაცამდე გაზრდას წარმოადგენს, რაც საკმაოდ რთული მისაღწევი იქნება.

ვითარების გამოსასწორებლად, რა თქმა უნდა, შესაბამისი თანხებია საჭირო. ჰოგლმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინიმუმ 2027 წლის ბოლოსთვის გერმანიიამ თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი მილიარდობით ევროთი უნდა გაზარდოს, ანუ, NATO-ის მოთხოვნის თანახმად, მშპ-ის 2% თავდაცვის სფეროს უნდა მოახმაროს.

დეფიციტის გათვალისწინებით, გერმანიის შეიარაღებული ძალების ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრე ვუსტნერმა სამხედრო ძალებში ფართო ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ შეიარაღებულ ძალებში ყველა მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს“, – ასეთი განცხადება გააკეთა მან სატელევიზიო პროგრამაში სტუმრობის დროს სამხედრო სფეროში შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრისას.